ბათუმის „დინამოს“ მეპატრონემ საჩხერეს „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ამობდა, რომ სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და გუნდს დავტოვებდა.
„ჩიხურამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამო“ დაამარცხა 2:0. ბათუმელები მიიჩნევენ, რომ არაობიექტურად იმსაჯეს.
არჩილ ბერიძეს საქართველოს პირველი არხი დაუკავშირდა და ბათუმის „დინამოს“ მეპატრონემ განმარტა, რა იყო მისი განცხადების წინაპირობა.
„ჯობია, დროზე წავიდე. ეტყობა, ასეც უნდათ. მოვა ვიღაც და ჩემი წასვლა მისთვის იქნება მაგალითი, ხოლო ამ ნაბიჯით ქართული ფეხბურთი უფრო გაძლიერდება. გამოდის მსაჯი და აპრიორი იცის, რას გააკეთებს. პირველ ტაიმში მეტოქის მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი არ დანიშნა. კარგი, ჩავთვალეთ, რომ შეეშალა – ვის არ შეშლია. მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქეს კაცი არ გაუგდო, საჩხერელთა ფეხბურთელს კი მეორე ყვითელი არ მისცა, რადგან იცოდა, გასაგდები იქნებოდა. ვის ვეჭიდავო? არ შემიძლია ბინძურ თამაშში ყოფნა. მირჩევნია ახლა მაგინონ, ვიდრე არაფერი შევიმჩნიო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ აქ ყველაფერში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა – მაგრამ ფედრაციის დანაშაული ისაა, ივანწმინდას უვარგის მოედანზე რომ გვათამაშა” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძე.