არჩილ ბერიძე - რამდენი მცდელობაც არ უნდა დაგვჭირდეს, ბათუმის „დინამო“ აუცილებლად დაწერს ახალ ისტორიას #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბრატისლავას „სლოვანთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ განცხადება გაავრცელა და გუნდს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და სამაგალითო ქომაგობისთვის. პირველ რიგში მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, თითოეულ ბათუმელს, მუდამ ვამბობ და ვიტყვი: ეს გუნდი თქვენია და თქვენ საუკეთესოები ხართ! მადლობა ფეხბურთელებს თავდაუზოგავი შრომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას ვინც ბათუმის „დინამოს“ წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს“, – ვკითხულობთ ბერიძის განცახდებაში.
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ წაგების მიუხედავად, გუნდის ევრომიზანი უცვლელია:
„გასული 5 წლის მანძილზე ბევრი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედგაცრუებებიც არ გვაკლდა, მაგრამ უკან არასდროს დაგვიხევია, არც ახლა ვაპირებთ დანებებას და ჩვენს ოცნებებზე უარის თქმას. რამდენი მცდელობაც არ უნდა დაგვჭირდეს, „დინამო ბათუმი“ აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე და ჩვენ ისევ დავწერთ ამ კლუბის ახალ ისტორიას“.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც ისევ ქართველების (ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი) გუნდს, პოლონეთის ჩემპიონ „ლეხს“ შეხვდება.
პირველი მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის ჩემპიონს შორის 21 ივლისს პოზნანში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – ერთი კვირის შემდეგ, 28 ივლისს ბათუმშია დაგეგმილი.