არჩილ ბერიძე - ჯოვინო ბათუმის „დინამოს“ სეზონის ბოლომდე დაეხმარება #1TVSPORT
ჯოვინო ფლამარიონი ბათუმის „დინამოს“ სეზონის დარჩენილ ნაწილში დაეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბერიძემ განაცხადა.
ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით განათხოვრებული ჯოვინო ბათუმში ივნისის დასაწყისში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ ბათუმელთა შემადგენლობაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ბრაზილიელი თავდამსხმელი „დინამოს“ განაცხადში არც გორის „დილასთან“ ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის მატჩში იყო.
პარალელურად, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯოვინო ფლამარიონს ყაზახეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი „ასტანა“ იწვევდა, მაგრამ ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრები გუნდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაამშვიდა – ფეხბურთელი გუნდში რჩება.
„ფლამარიონის საკითხი გადაწყდა და სანერვიულო არაფერია. ის წელს ჩვენთან დარჩება და გუნდში ითამაშებს. პირველ მატჩს კი ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩაატარებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.
ჯოვინო ბათუმის „დინამოში“ 2017 წელს გადავიდა და მომდევნო სეზონში, 32 მატჩი 24 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო 2019 წლის სეზონში, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.