არჩილ ბერიძე - იმედია, ახალწვეულებთან ერთად გუნდს შევკრავთ და ბათუმის „დინამო“ კვლავ ერთი ოჯახი იქნება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე გუნდის წევრებს შეხვდა და მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით ესაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გუნდში დარჩენილი და ახალი მოთამაშეები – როინ კვასხვაძე, ლუკა ხარატიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, მამუკა კობახიძე, ლადო მამუჩაშვილი, ლევან ხარაბაძე, ცოტნე ფაცაცია, პაატა ღუდუშაური, ლევან ჟორდანია, დათო მუჯირი, ალეფ სანტოსი, ონორე გომისი და ვანდერსონ სილვა. ასევე, საკლუბო აკადემიიდან დაწინაურებული ახალგაზრდები – მეკარე ზურაბ თურმანიძე, მცველი დავით ფაღავა და ნახევარმცველი გიორგი ფუტკარაძე.
„პირველი, რაც მინდა, გითხრათ და რისი დიდი სურვილიც მაქვს, ისაა, რომ გუნდი ერთი ოჯახის პრინციპით შევინარჩუნოთ, რაც განვლილი ექვსი წლის განმავლობაში მოვახერხეთ. ახლა ეს ყველაზე მეტად თქვენზე იქნება დამოკიდებული.
მამუჩ (ლადო მამუჩაშვილი), მადლობა მინდა გადაგიხადო შენი ერთგულებისთვის, რაც შენ ამ გუნდს დაუმტკიცე. კობახ (მამუკა კობახიძე), შენზეც ამავეს ვიტყვი. ვფიქრობ, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისგანაც ბათუმის „დინამოს“ ნებისმიერმა გულშემატკივარმა მაგალითი უნდა აიღოს.
იმედი მაქვს, ახალწვეულებთან ერთად შევკრავთ გუნდს და ისევ ისეთი ერთი ოჯახი ვიქნებით, როგორც აქამდე იყო“, – ამბობს გუნდის პრეზიდენტი არჩილ ბერიძე.