არჩილ ბერიძე - გეგუჩაძე გუნდში რჩება, ჩვენი მიზანი კვლავ ჩემპიონობაა
ბათუმის „დინამოდან“ მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე არ მიდის – ამის შესახებ ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ ილაპარაკა.
„გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე,“ – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ ბათუმელები სეზონს წარმატებით დაასრულებენ:
„გუნდის მიზანი უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა. ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მოთამაშეებსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ, გუნდი შემდეგ მატჩს მომზადებული შეხვდება და ეს ჩავარდნა წარსულს ჩაბარდება”.
გეგუჩაძემ ბათუმის „დინამო” 2018 წლის იანვარში ჩაიბარა და კლუბი ჯერ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, მომდევნო სეზონში კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა. ახალი სეზონი „დინამომ“ დამაჯერებლად ვერ დაიწყო, რასაც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველივე მეტოქესთან (ბეერ შევას „ჰაპოელთან“) მარცხი მოჰყვა. მერე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის წაგება „დინამო თბილისთან“ (1:3) და საქართველოს თასზე „გაგრასთან“ მარცხი.
„ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ბათუმის „დინამო” დღესდღეობით წარმატებული კლუბია. ეროვნულ ლიგაში გადასვლიდან პირველივე წელს გუნდმა ჩემპიონობისთვის იბრძოლა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამ სეზონშიც ტიტულისთვის ვიბრძვით. სადღაც წარუმატებლობა იქნება. ეს ცუდია, მაგრამ მიზეზები უნდა გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ,” – აცხადებს არჩილ ბერიძე.