არჩილ ბერიძე - ძაკარდო, ვინც კვარაცხელიას ტრანსფერში მონაწილეობდა, ბათუმის „დინამოს“ გრძელვადიან თანამშრომლობაზე გვესაუბრა #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - ძაკარდო, ვინც კვარაცხელიას ტრანსფერში მონაწილეობდა, ბათუმის „დინამოს“ გრძელვადიან თანამშრომლობაზე გვესაუბრა #1TVSPORT

არჩილ ბერიძემ ბათუმის „დინამოს“ფეისბუქ გვერდზე ონლაინ-პრესკონფერენცია გამართა – საქართველოს ჩემპიონის პრეზიდენტმა გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა და გუნდთან დაკავშირებულ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

„ოთხი წელია, წინ მივიწევთ. ამ პერიოდში მედლები, ჩემპიონობა და სუპერთასი მოვიპოვეთ.  ცოცხალი ორგანიზამი ვართ და წარმატებასთან ერთად, ჩავარდნაც არ არის გამორიცცხული, მაგრამ კრიზისზე საუბარი უადგილოა. გუნდში ხუთწლიანი პროგრამით მოვედით, იყო წარმატებაც, შეცდომებიც, მაგრამ მთლიანობაში ბათუმის „დინამოს“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი დაუდგა. ვერავინ მეტყვის, რომ ასე არაა.

ვინ მოვიყვანოთ და გავუშვათ, ეს მწვრთნელის პრეროგატივაა. ამიტომ გთხოვთ, რომ ამაზე ნუ შემეკითხებით, მაგრამ ტრანსფერების განხორციელება გვსურს და ამაზე მწვრთნელთან ვისაუბრებ. ლეგიონერები იქნებიან, ეს გადაუვალია. ამას კლუბი საჭიროებს. კვარაცხელიაში ამდენი ფული აიღეთ და რატომ არავინ მოიყვანეთო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხვიჩაში ბათუმის „დინამომ“ 10 მილიონი აიღო, ასეთ კატეგორიასთან საუბარი გამიჭირდება. გეგუჩაძესთან დაკავშირებითაც არის კითხვები, მაგრამ სეზონი დამთავრდება და გადაწყვეტილებას შედეგების მიხედვით მივიღებთ.

ბევრი კითხვაა გუნდის აკადემიასთან დაკავშირებით. იქ უკვე სამი მოედანი გაკეთდა – ორი ხელოვნურსაფარიანი და ერთი ბუნებრივი მოედნით. ასე რომ, ნუ ფიქრობთ, თითქოს აკადემიაზე არ ვფიქრობთ. ამ მიმართულებით ბევრი სიახლე იქნება. ჩამოსულია იტალიის ნაკრებში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი კრისტიანო ძაკარდო, ვინც კვარაცხელიას ტრანსფერში მონაწილეობდა. ერთ-ერთი კითხვა იყო დასმული აკადემიაზე – ამავე დროს, მოთამაშების დამატებასა და გაყვანაზე. მიმაჩნია, რომ ეს ახლა ყველაზე საკვანძო საკითხია.

როდესაც გუნდში მოვედი, მაშინ დუბლები გვყავდა, ახლა ასე არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენი საფეხბურთო აკადემია ამოქმედდება, მთავარ გუნდში იქიდან შევსება აუცილებლად გვექნება და ამ დროისთვის „დინამო 2“ აუცილებლად აღდგება“, – აცხადებს არჩილ ბერიძე.