არჩილ ბერიძე - ჩვენი ვალია, ღირსეულად დავწეროთ ახალი ისტორია და გულშემატკივარს ბევრი საამაყო წუთი ვაჩუქოთ #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი გამოეხმაურა კლუბისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს – დაარსებიდან საიუბილეო 100 წლისთავს და გულშემატკივრებს ახალი წელი მიულოცა.
„ძვირფასო გულშემატკივრებო, გილოცავთ ახალ 2023 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ოცნებების ასრულებას და მშვიდობიან ლურჯ-თეთრ ცას. 2023 წელი „დინამო ბათუმისთვის“ განსაკუთრებულ წლად უნდა ვაქციოთ, რადგან ჩვენი კლუბი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, ვიყო ამ კლუბის ნაწილი, ვეხებოდე მის ისტორიას და ვზრუნავდე მის ღირსეულ განვითარებაზე. „დინამო ბათუმის“ საუკუნოვანი ისტორია მხოლოდ სიყვარულს და ურყევ მხარდაჭერას ეფუძნება.
მსურს, ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც წარსულში ძალისხმევას არ იშურებდა „დინამოს“ წარმატებისთვის. ჩვენი ვალია, ღირსეულად დავწეროთ ახალი ისტორია, გულშემატკივარს ბევრი საამაყო წუთი და ამაღლებული ემოციები ვაჩუქოთ. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, მადლობა ერთგულებისთვის“, – წერია არჩილ ბერიძის მიმართვაში.