არჩილ ბერიძე - ბათუმის „დინამოს“ სხვა უხელმძღვანელებს, ჩემს საქციელს ვერ ვამართლებ #1TVSPORT
დისციპლინარების მკაცრი ვერდიქტი – ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც არჩილ ბერიძე ფეხბურთს ორი წლით ჩამოაშორა.
საქმე ისაა, რომ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „იბერია 1999“-ს შორის 19 მაისის მატჩი ინციდენტით დასრულდა. კომიტეტმა შეისწავლა შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები.
„კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შედეგად დაადგინა რიგი დარღვევებისა, მათ შორის, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთ ოფიციალურ პირს, კერძოდ, არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათას ორასი ლარის ოდენობით“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.
„ვერდიქტი ცნობილია, გადაწყვეტილება მკაცრია და ეროვნულ ჩემპიონატზე ჩემს უფლებებს სხვას გადავაბარებ. ვის, ეს საკითხი ჯერ განიხილება. ვაღიარებ, რომ თავი ვერ შევიკავე. საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვა მძიმე ვერდიქტია, მაგრამ გადავაჭარბე და ჩემს საქციელს არც ადამიანურად და არც სპორტულად არ ვამართლებ. სადისციპლინო კომიტეტის განხილვაში ვმონაწილეობდი, მსაჯებთან ბოდიში მოვიხადე და ახლა ამავეს საჯაროდაც გავიმეორებ“, – ამბობს არჩილ ბერიძე.
მან კომენტარი გააკეთა სპორტული დირექტორის, ლადო დვალიშვილის გადაგომაზეც:
„სამწუხაროა, რომ ლადო დაემშვიდობა ბათუმის „დინამოს“, სადაც მოვიდა ფეხბურთელად, შემდეგ კი სპორტული დირექტორი იყო და ამ პერიოდს უკავშირდება ჩვენი გუნდის ყველაზე წარმატებული ეტაპი. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. სპორტული დირექტორის მოვალეობა ასლან ბალაძემ შეითავსა, რომელიც გენერალური დირექტორია“.