არჩილ ბერიძე - ბათუმის „დინამოს“ მომდევნო შეხვედრებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„მსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო და ბათუმის „დინამოს“ ერთგულ გულშემატკივარს ჩემი შეხედულება გავუზიარო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ბოლო პერიოდში გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც თქვენსავით, რიგ შემთხვევებში კი უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას.
აქვე სიამაყით მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება: კლუბის სათავეში ჩემი და ჩემი პარტნიორების მოსვლის შემდეგ, ბათუმის „დინამოს“ განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა. შესაბამისად, იცვლება მოთხოვნებიც, ახლა გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან. პირადად ჩემთვის ეს არის მთავარი მონაპოვარი და მომავალი პროგრესის საწინდარი.
არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი გუნდის ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს. ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება.
ეს გადაწყვეტილება იმათაც არის განპირობებული, რომ ფული არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გადამწყვეტი, მთავარი ჩვენი ერთიანობაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებითად იმოქმედებს ქომაგზე, რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებებს მოგვიტანს“ – ვკითხულობთ არჩილ ბერიძის განცხადებაში.