არჩილ ბერიძე - ანანიძე ბათუმის „დინამოს“ წინადადებაზე პასუხს ხვალ გვეტყვის
არჩილ ბერიძე - ანანიძე ბათუმის „დინამოს“ წინადადებაზე პასუხს ხვალ გვეტყვის

„დიახ, ჯანო ანანიძის ბათუმის „დინამოში“ გადმოსვლაზე მოლაპარაკება დაწყებულია,“ – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბათუმის „დინამოს“ მეპატრონემ და პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაუდასტურა.

საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს ამჟამად კონტრაქტი ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ აკავშირებს. მაგრამ ბერიძის თქმით, მასთან მოლაპარაკება დამაიმედებლად წარიმართა.

„ჯანოსთან შეხვედრამდე, ჯერ ჩვენი პარტნიორები დავარწმუნე, რომ ანანიძის დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. მერე თავად ჯანოს ველაპარაკე და მისგან დადებითი გამოხმაურება იყო. მაგრამ საბოლოო პასუხს ხვალ ველით,“ – აცხადებს არჩილ ბერიძე.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გუნდის მეპატრონემ და პრეზიდენტმა ასევე გვითხრა, თუ რა გახდა ჯანოს დაინტერესების მიზეზი – „მსურს განვმარტო, რომ ანანიძეს ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაზე ველაპარაკებით და არა რამდენიმეთვიანზე. ანანიძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთა თასის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშოს. საამისოდ, მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ამას გარდა, ჩვენ ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ და ჩემი აზრით, დამატებით მოტივაციად ესეც გამოდგება. ასევე მნიშვნელოვანი გია გეგუჩაძის ფაქტორი, რომელსაც ჯანო უკვე ელაპარაკა“.

ბერიძის თქმით, ჯანო თავს კარგად გრძნობს – „კვიპროსიდან ჯანო ტრავმის გამო წამოვიდა, მაგრამ ახლა მას ტრავმა ფაქტობრივად, მორჩენილი აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით და სეზონის განახლებამდე ფორმაში იქნება“.

ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკების დადებითად დასრულების შემთხვევაში, ბათუმის „დინამოს“ საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი ეყოლება: გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური და ჯანო ანანიძე.