არჩილ ბერიძე - ახლა ნებისმიერი რყევა ბათუმის „დინამოს“ მთავარ მიზანს დააშორებს, სეზონის ბოლოს კი ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - ახლა ნებისმიერი რყევა ბათუმის „დინამოს“ მთავარ მიზანს დააშორებს, სეზონის ბოლოს კი ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საგანგებო განცახდება გაავრცელა და გუნდთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„მინდა, გამოვეხმაურო ბათუმის „დინამოს“ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ეტაპზე ეს კლუბი და მისი ინტერესები არის, იყო და იქნება ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობს გუნდის თითოეული გულშემატკივარი, რადგან ეს კლუბი ეკუთვნის ბათუმს და ბათუმელებს.

კლუბში ჩემი და ჩემი მეგობრების მოსვლის დღიდან დღევანდელობამდე, ჩვენ ერთად ბევრი სირთულე გადავლახეთ და გუნდისგან, რომელიც არსებობისთვის იბრძოდა, ბრძოლისუნარიანი და ძალიან წარმატებული კლუბი ჩამოვაყალიბეთ. ბათუმის „დინამო“ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველთვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის ჩემპიონობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად, ქართული ფეხბურთის განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს.

ჩვენი კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებებისა და ბათუმში შექმნილი ჭეშმარიტი საფეხბურთო ზეიმის გამოძახილი არის ის, რომ აჭარის რეგიონმა და კერძოდ, ბათუმმა, ძალიან ბევრი საერთაშორისო სპორტული ჯილდო თუ აღიარება მოიპოვა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა და გულშემატკივრის ოცნებები რეალობად აქცია.

აქვე მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის საკითხს. გია გეგუჩაძის წვლილი ბათუმის „დინამოს“ ბოლო პერიოდის წარმატებებში განუზომელია. ისევე, როგორც ჩვენი ფანკლუბის – „პირატების“ თითოეული წევრის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ცალკეულ ადამიანებს და კომპანიებს უანგარო მხარდაჭერისთვის: კლუბის საპატიო პრეზიდენტს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, სპონსორებსა და სხვა უამრავ ადამიანს, ვინც სხვადასხვა ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ დახმარების სურვილს გამოთქვამდა და გამოთქვამს. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი სიხარული და იმედგაცრუება გამოვიარეთ.

გასული წლის ბოლოს თქვენთან ერთად განვლილი ხუთი წელი შევაჯამეთ და ახალი მიზნები დავისახეთ. მთავარ მიზნად საქართველოს ეროვნული ლიგის მოგება და კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილის ჩემპიონების რანგში აღნიშვნა განვიზრახეთ. ასევე ჩვენი ჯერაც აუხდენელი ოცნების – ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა დავაანონსეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მიზანი გეგმაზომიერად ხორციელდება, გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ საფეხურზეა, ბათუმის „დინამოს“ აკადემიიდან კი ახლახანს პირველ გუნდში ჩვენი აღზრდილი დავით ფაღავა დაწინაურდა.

ძვირფასო გულშემატკივრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, მიმდინარე ეტაპზე ჩვენს ერთობაში ნებისმიერი რყევა და განხეთქილება დამაზიანებელი იქნება კლუბისათვის და დაგვაშორებს მთავარ მიზანს. შედეგების შეფასების დრო, ევროსეზონის გათვალისწინებით, აუცილებლად გვექნება სეზონის ბოლოს და დარწმუნებული ვარ, ერთად დავსახავთ უფრო ამბიციურ მიზნებს და აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება.

აქვე მინდა დავძინო, რომ კლუბის მენეჯმენტი და პირადად მე მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჯგუფთან შესახვედრად და „დინამოში“ მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ“ – ვკითხულობთ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განცხადებაში.