„ის „ტრაბზონის“ ერთ-ერთი ლეგენდა იყო. არჩილ არველაძე, ერთ-ერთი დიდი ტყუპისცალი, რომელსაც შოთასგან ვერ ვარჩევდით და გვაინტერესებდა, შოთა იყო თუ არჩილი“, – ასე წარადგინა თურქული გამოცემა „ფანატიკის“„იუთუბ არხზე“ წამყვანმა, იაკუპ ჩინარმა ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი.
არჩილ არველაძემ განაცხადა, რომ შოთამ და მან თურქეთის მოქმედი ვიცეჩემპიონი „ტრაბზონისგან“ შეთავაზება მიიღეს.
„2020 წელს შოთას და მე რამდენიმე გუნდი დაგვიკავშირდა. მაგალითად, „ტრაბზონისგან“ შემოთავაზება მივიღეთ, მაგრამ ამ დროს ტაშკენტის „პახტაკორში“ ვმუშაობდით, სეზონის დასრულებამდე მინიმუმ 10-12 მატჩი მაინც იყო ჩასატარებელი. შოთას გუნდის შუა გზაზე მიტოვება არ სურდა. მაშინ ეს თანამშრომლობა ვერ შედგა, მაგრამ არ ვიცით, 1-2 წელიწადში რა მოხდება“ – ამბობს არჩილ არველაძე.
გახდება თუ არა „ტრაბზონი“ თურქეთის ჩემპიონი? ამ კითხვასთან დაკავშირებით არველაძემ გუნდში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა და მისი საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„საამისოდ გუნდს დრო სჭირდება. მოთამაშეთა ტრანსფერები გეგმის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს. მოდის ახალი მწვრთნელი და ათ ტრანსფერს აკეთებს. შემდეგი ორიც იმავეს აკეთებს და სტაბილური შემადგენლობა არ არის. ასე გუნდი ვერ დალაგდება. თანამედროვე მსოფლიოში წამყვანი კლუბები ასე არ იქცევიან. მაგალითად, „ლივერპულსა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერებს მწვრთნელები არ ახორციელებენ. მათ აქვთ სატრანსფერო პოლიტიკა და საამისოდ სპორტული დირექტორი ჰყავთ. მწვრთნელები მოდიან და მიდიან, მოთამაშეები კი რჩებიან და მილიონები იკარგება. ეს არა მხოლოდ „ტრაბზონის“, არამედ ბევრი გუნდის პრობლემაა“, – განაცხადა არჩილ არველაძემ.