არც ერთ ემიგრანტს აღარ სჭირდება ვინმესთვის ახსნა, ქვეყანა ვართ თუ ამერიკის შტატი - ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი „სტადიო მარადონაზე“ გადაღებულ სურათს აქვეყნებს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი, დიმა ნებიერიძე აქვეყნებს სურათს „სტადიო მარადონადან“, სადაც ნეაპოლელები ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოდან ჩასულ ქართველ გულშემატკივრებს და სტადიონზე მისულ მართლმადიდებელ მოძღვარს „სასუოლოსთან“ მატჩამდე თბილად ხვდებიან.
„სიმბოლური ფოტო დღევანდელი ნეაპოლიდან. ამ ბიჭმა შეცვალა მოსაწყენი ყოველდღიურობა, გააერთიანა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, შეხედულებებისა, სტატუსისა, პოზიციისა. ხშირად ადამიანებს არ ესმით, თუ რატომ არის ფეხბურთი ასეთი მნიშვნელოვანი სხვებისთვის. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ფეხბურთი აქარწყლებს ადამიანის ცხოვრებაში პრობლემებს, დარდსა თუ სტრესს. 90 წუთის განმავლობაში, ადამიანები ივიწყებენ ყველაფერს და სრულად კონცენტრირდებიან მოედანზე, მღერიან, სკანდირებენ, ირგვლივ მყოფ ათასობით ადამიანთან ერთად ჰყვებიან საკუთარ გამოცდილებებსა და ისტორიებზე. იღებენ და გასცემენ უამრავ ენერგიას და ემოციებს.
ფეხბურთი უდიდესი სოციალური მოვლენაა. არც ერთ ემიგრანტს აღარ სჭირდება ვინმესთვის ახსნა თუ საიდან არის, რომელ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ვმდებარეობთ, ქვეყანა ვართ თუ ამერიკის შტატი, სტალინი და შევარდნაძე, სულ ოთხი სიტყვა – „მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ“ და ამაყად, მხრებში გამართული აგრძელებ გზას“, – წერს დიმა ნებიერიძე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი, დიმა ნებიერიძე მესამე წელია, ორგანიზაციაში სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს და პარალელურად, უეფა-ს ციფრული მარკეტინგის გუნდშიც მუშაობს.
ვიდეო – Geo Team