არც „დინამო“ და არც „დილა“ - კვეკვესკირი უნგრეთში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი უნგრეთში ჩაფრინდება და სეზონის ბოლომდე კონტრაქტს „ნირეგაზა სპარტაკუსთან“ გააფორმებს, – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის დამატება „დინამო თბილისს“ და გორის „დილას“ სურდათ, მაგრამ 32 წლის ნახევარმცველმა საბოლოოდ უნგრეთში თამაში ამჯობინა.
კვეკვესკირის ოჯახი გალის რაიონიდანაა. მათ 1992-93 წლების ომის შემდეგ აფხაზეთის დატოვება მოუხდათ და ნიკა ზუგდიდში გაიზარდა. კარიერა ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო. 2011 წელს კვეკვესკირი საქართველოს ჩემპიონ „დინამო თბილისს“ შეუერთდა. 2013 წელს ნახევარი სეზონი იჯარით „ცხინვალში“ გაატარა, შემდეგ კი გორის „დილაში“ გადავიდა. თამაშობდა ბაქოს „ინტერში“, „გაბალაში“, კოსტანაის „ტობოლში“, პოლონეთის ექსტრაკლასას პოზნანის „ლეხში“ კი 2021 წლის იანვარში გადავიდა, რომლის ფორმითაც კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა.
კვეკვესკირის საერთაშორისო დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის 8 ოქტომბერს გიბრალტარის წინააღმდეგ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შედგა. 2024 წლის 26 მარტს, კვეკვესკირმა საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა, რითაც საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გაიყვანა. ფინალურ ეტაპზე კი ერთი მატჩი ჩაატარა – მერვედფინალში ესპანეთთან მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოჩნდა.