არბიტრებს მაზიაშვილი უხელმძღვანელებს - ვიდეორეფერის სისტემას მსაჯობიდან წასული ვადაჭკორია გაუძღვება
ქართველმა მსაჯებმა ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. ისინი „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ერთკვირიან შეკრებაზე არიან.
30-მდე მსაჯი ახალი სეზონის დაწყებადე გაივლის სამედიცინო შემოწმებას, თეორიულ-ფიზიკურ მომზადებას და სავალდებულო ნორმატივებს ჩააბარებენ. შეკრების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „მოხალისეში“ სფფ-ის გენერალური მდივნის, დავით მუჯირისა და სამსაჯო დეპარტამენტის მსაჯებთან შეხვედრა გაიმართა. ცვლილებებია სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტში – მას ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი მიხეილ მაზიაშვილი უხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე ვიდეორეფერის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სიახლე გაჟღერდა. მსაჯთა დეპარტამენტში ამ მიმართულებას გიორგი ვადაჭკორია უხელმძღვანელებს, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ვადაჭკორია 2007-2020 წლებში ფიფა-ს არბიტრი იყო და საქართველოს საუკეთესო მსაჯად არაერთხელ დასახელდა.
გამოცდილი სპეციალისტი სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტს შეუერთდება და ფიფასთან კომუნიკაციაში ვიდეო რეფერის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. ფიფა-სთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა და სფფ-მ ვალდებულებების შესრულების მზაობა გამოთქვა, მათ შორის, ტექნიკური მოთხოვნების, გაშუქებისა და მსაჯების გადამზადების კუთხით.
მნიშვნელოვანი სიახლეა მიმდინარე წელს დაგეგმილ 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატთან მიმართებაში. ისტორიაში პირველად ქართველ მსაჯთა ბრიგადა სლოვენიასა და უნგრეთში დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმუშავებს. გიორგი ყრუაშვილი მარტში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მოემსახურება. მასთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის სამსაჯო ბრიგადაში ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იქნებიან.