არავის გავუშვივარ, თავად წამოვედი - მანჯგალაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
არავის გავუშვივარ, თავად წამოვედი - მანჯგალაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT

გია მანჯგალაძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს, ბათუმის „დინამოდან“ გაუშვეს. მან წამოსვლა დაადასტურა, თუმცა, საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ეს მისივე სურვილი იყო.

„წასვლაზე გადაწყვეტილება თავად მივიღე. გუნდში არავის უთქვამს – აღარ გვჭირდებიო. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ბათუმის „დინამომ“ გამიშვა, არასწორია. წელს იმდენი თამაში არ მიწევდა, როგორც თავად მსურდა. ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ მარტო ხელფასის გამო გუნდში დარჩენა აღარ მსურდა“, – განაცხადა გია მანჯგალაძემ.

მან ბათუმის „დინამოს“ წარმატებები უსურვა:

„მადლობა გუნდს, რომ ჩემი პოზიცია გაიგო და ხელშეკრულების გაწყვეტაზე პრობლემა არ შემიქმნა. „დინამოში” 3 წელი ვითამაშე და კარგის გარდა არაფერი მახსენდება. გამიხარდება, თუ ბათუმის „დინამო“ შემდეგ ევროსეზონს წარმატებულად ჩაატარებს და ჯგუფურ ეტაპზე გავა. ეს ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება“.

მისი თქმით, დაინტერესებული კლუბები უკვე დაუკაშირდნენ:

„საქართველოდან სამი კარგი კლუბი დამიკავშირდა. უცხოეთიდან კი ჯერ კონკრეტული არაფერია“.

რამ განაპირობა ბათუმის „დინამოს“ ჩემპიონობა? გამოცდილმა ნახევარმცველმა ამის შესახებაც ილაპარაკა:

„ბათუმის „დინამო“ ჩემთვის სამაგალითო კლუბია იმ დამოკიდებულებით, რომელსაც ავლენს ფეხბურთელების, მწვრთნელების და გულშემატკივრის მიმართ“.