ოთარ კიტეიშვილი დაშავდა და ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა 24 წლის ნახევარმცველი მარტის სანაკრებო მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარებას.
ეს სამწუხარო ამბავი დღეს გახდა ცნობილი. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი მისი ცუდი თამაში არ ყოფილა. ამის შესახებ გრაცელთა ოფიციალური გვერდი იუწყება.
„ლუკას იაგერმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მეასედ ითამაშა და ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი 65-ე წუთზე შეცვალა. ქართველი გრაცელებს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება“, – წერს გრაცის „შტურმის“ ოფიციალური გვერდი.
თუმცა, რა ხნით დაისვენებს ოთარ კიტეიშვილი და რა ტრავმა აქვს, ამის შესახებ გრაცელთა ოფიციალური გვერდი არაფერს წერს.