არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმამდე, ნარკოდანაშაულზე დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას დაუჭირონ მხარი
ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაუჭირონ ნარკოდანაშაულზე დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას.
„ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის პროცესი და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა წელიწადზე მეტია შეჩერებულია. გასული წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ხელისუფლებას არცერთი სამუშაო ფორმატი ამ საკითხის რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის არ გამოუყენებია. პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება. დღემდე, მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ეპიზოდური გადაწყვეტილებებით ხერხდება. ხელისუფლება კი, თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენთვის უცნობი რჩება ხელისუფლების პოზიცია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე.
ამ პირობებში კი, ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება – მხოლოდ 2018 წელს:
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3650 პირის მიმართ;
ამავე პერიოდში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2825 პირის მიმართ. გასათვალისწნებელია, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულების მიმართ ავტომატურად გამოყენებულია უფლებების ჩამორთმევის უსამართლო მექანიზმი;
ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, 2018 წელს, შეფარდებული აქვს 633 ადამიანს;
ამჟამად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება 5000-მდე ადამიანი;
2018 წლის ბოლო ექვს თვეში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული/მსჯავრდებული 50-მდე ადამიანი შიმშილობდა მათ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით;
ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ნარკოპოლიტიკის სფეროში სისტემური და ძირეული ცვლილებების შეჩერების ფონზე, სახელმწიფომ მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რომელიც უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ამ მიზნით, საჭიროა, პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, შექმნას სამუშაო ჯგუფი და გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.
ნარკოპოლიტიკის სფეროში სახელწიფოს დამუშავებული არ აქვს დეტალური, აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები, რაც ნარკოტიკული დანაშაულების შესახებ არსებული რეალური სურათის აღქმას ართულებს. ამდენად, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამუშაო ჯგუფის წევრთა ჩართულობით, აუცილებელია დამუშავდეს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა მონაცემები, მათ შორის, ციხის პოპულაცია, დანაშაულთა სპეციფიკის, ნარკოტიკის სახეობისა და ოდენობის, გამოყენებული სასჯელების შესახებ ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემები.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას:
დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მონაცემების შესწავლას და დამუშავებას;
ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების/პასუხისმგებლობის შემსუბუქების თაობაზე და ამისთვის გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმები“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ღია საზოგადოების ფონდი“, „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“, „ფენიქსი 2009“, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ (GeNPUD), „ახალი ვექტორი“, „ჰეპა+“, „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი“ (CTC).