არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით იყო დაჯილდოებული - ნუკრი კაკილაშვილმა დარასელია გაიხსენა #1TVSPORT
ნუკრი კაკილაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვიტალი დარასელია გაიხსენა, რომელსაც 65 წელი შეუსრულდებოდა.
„ვიტალი ჩემზე სამი წლით უფროსი იყო, მაგრამ გუნდში რომ მივედი, გრანდებში გადიოდა. მის ადამიანობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება – არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით იყო დაჯილდოებული, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. ახალგაზრდებთან ისე შემოდიოდა კონტაქტში, არ გაგრძნობინებდა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო.
ისეთივე დიდი ადამიანი იყო, როგორიც ფეხბურთელი გახლდათ. მეც მიმაჩნია, რომ 13 მაისს საუკუნის გოლი გაიტანა. თამაშსაც გააჩნია. სამი წუთი იყო დარჩენილი, თავის თავზე აიღო თამაში და უმნიშვნელოვანესი გოლი მაშინ გაიტანა, როდესაც გუნდები უკვე ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
25 წლის გარდაიცვალა და ყველაფერი წინ ჰქონდა. ამ ასაკიდან იწყებს ხალხი თამაშს, მას კი უკვე მიღწევები ჰქონდა და მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა ნათამაშები. გოლის დროს ჩემი მხრის ჩადგმაზე ლაპარაკი მეუხერხულა. ეს გოლი მთლიანად ვიტალის დამსახურება იყო.“