არაბულმა „მაკარტური“ დატოვა - ავსტრალიაში ქართველი ფეხბურთელები აღარ დარჩნენ #1TVSPORT
29 წლის თავდამსხმელმა, ბაჩანა არაბულმა ავსტრალიის A-ლიგის გუნდი „მაკარტური“ დატოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„მაკარტური“ დაშორდა ხუთ მოთამაშეს და მწვრთნელის ასისტენტს, ჯეიკობ ბერნსს, რადგან სეზონის შემდეგ გუნდმა შემადგენლობის განახლება გადაწყვიტა. გუნდიდან წავიდნენ ინგლისელი გარემარბი კრეიგ ნოუნი, თავდამსხმელები – ბაჩანა არაბული და ჯეისონ რომერო, ცენტრალური მცველი ალექსანდრე სუშნიარი და მეკარე ნიკ სუმანი.
ქართველი ფეხბურთელი კლუბს სექტემბერში შეუერთდა და გამოთქვა სურვილი, იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის, დუაიტ იორკის ხელმძღვანელობით ეთამაშა. თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა თანამდებობა იანვარში დატოვა და კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა არაბულმაც, რომელმაც გუნდში 15 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.
მისი წამოსვლის შემდეგ ავსტრალიის A ლიგაში ქართველი ფეხბურთელი აღარ დარჩა. მანამდე „ნიუკასლ ჯეთსიდან“ დათო დარცმელია და ბექა მიქელთაძე წამოვიდნენ. 29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და, წესით, ევროთასებზე გასული ქართული კლუბებისთვის საინტერესო მოთამაშე უნდა იყოს.