არაბიძისა და შერგელაშვილის ეფექტური გოლებით ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
არაბიძისა და შერგელაშვილის ეფექტური გოლებით ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ უმასპინძლა და სანახაობრივ მატჩში 2:1 გაიმარჯვა.

გიორგი მიქაძის გუნდმა 24-ე ტურის გასვლითი თამაში კარგად დაიწყო. მე-15 წუთზე კონტრშეტევა თორნიკე მორჩილაძემ წამოიწყო, მოედანის ნახევარი სწრაფად დაფარა და ზუსტი დარტყმით „თელავი“ დააწინაურა.

ქუთაისელებმა ტაიმის ბოლომდე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. 43-ე წუთზე გიორგი არაბიძემ გაიბრწყინა, საჯარიმოში „კედელი“ გაითამაშა გიორგი ფანცულაიასთან, კარს მიუახლოვდა და ზუსტად გაისროლა.

45+4-ე წუთზე კი მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი „თელავის“ მცველს, ამარ ბეგიჩს აჩვენა და სტუმრები 10 მოთამაშით დარჩნენ. არაბიძე ამ ეპიზოდშიც მონაწილეობდა, „თელავის“ ბოსნიელმა ლეგიონერმა სწორედ ქუთაისელთა მე-8 ნომერი წააქცია.

მეორე ტაიმში „ტორპედომ“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 67-ე წუთზე დაწინაურდა. დააახლოებით 25 მეტრიდან ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო იდეალურად შეასრულა, ბურთმა კარის წინ მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა და ბადე შეარხია – 2:1.

რამდენიმე წუთში იმავეს გიორგი არაბიძე შეეცადა და ბურთი ძელს მოარტყა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა.

24 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 37 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე დარჩა და ეროვნული ლიგის ლიდერთა ხუთეულთან ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო „თელავი“ (21) მე-7 ადგილზეა.