არაბიძემ ესპანელებთან ჰეთთრიქი შეასრულა - „ტორპედომ“ „ვილიარეალის“ დუბლები დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ესპანურ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი „ვილიარეალ B“-ის წინააღმდეგ გამართა და გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშით 4:1 დაამარცხა.
მე-7 წუთზე „ვილიარეალის“ მეორე გუნდი დაწინაურდა. ესპანელებმა ანგარიში ქუთაისელთა დაცვის შეცდომის შედეგად გახსნეს, მაგრამ „ტორპედომ“ პირველივე ტაიმი 3:1 მოიგო. გიორგი არაბიძემ თამაში ისევ მაღალ დონეზე ჩაატარა და პირველივე ნახევარში დუბლი შეასრულა.
25 წლის შემტევის ორივე გოლი ეფექტური იყო, ხოლო ამ ორ ზუსტ დარტყმას შორის ქუთაისელების სახელით სადებიუტო გოლი ფელიპე პირესის ანგარიშზეა, რომელმაც ესპანელი ნახევარმცველის გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი გოლად აქცია.
არაბიძემ მეორე ტაიმში შორეული გადაცემით ჟორჟინიო მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელიც „ვილიარეალის“ მეკარემ წააქცია და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი გიორგიმ თავად უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4.
გიორგი არაბიძემ შედეგიანობით თავის გამოჩენა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა. ესტონურ „ლევადიასთან“ დუბლი (პლუს ასისტი) შეასრულა, ახლა ჰეთთრიქი – ბოლო სამ მატჩში კი 25 წლის შემტევის ანგარიშზე ექვსი გოლი და ერთი ასისტია.
მსოფლიო საკლუბო ამხანაგური თამაში
„ვილიარეალი B“ – ქუთაისის „ტორპედო“ 1:4
გოლები: 1:0 (7), 1:1 არაბიძე (15. გიგაურის პასით), 1:2 ფელიპე პირესი (27), 1:3 არაბიძე (36), 1:4 არაბიძე (88. პენალტი)
„ტორპედო“ (1 ტაიმი): კლიაჩი, სანდოხაძე, მონტერი, ელბაქიძე, მანჯგალაძე, გიგაური, ელიტონ ჟუნიორი, პირესი, არაბიძე, იონსენი, ჟორჟინიო
სათადარიგოები: გოშაძე, დვალიშვილი, ტყეშელაშვილი, ნადარაია, აკბარი, მჭედლიშვილი, ნინკოვიჩი, იმედაძე.