არაბიძე სამხრეთ კორეაშია და, დიდი ალბათობით, „ულსანთან“ კონტრაქტს დღეს გააფორმებს #1TVSPORT
გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეაშია და, დიდი ალბათობით, ახალ კლუბთან, „ულსანთან“ კონტრაქტს დღეს გააფორმებს, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელის ოჯახში დაუდასტურეს.
გიორგი არაბიძე ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ და ეროვნული ლიგის ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე იყო. მის გადაბირებას ბევრი უცხოური კლუბი ცდილობდა. გიორგის არჩევანი საბოლოოდ „ულსანზე“ შეჩერდა, რომელიც სამხრეთ კორეის მოქმედი ჩემპიონია.
26 წლის ნახევარმცველი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე იყო. მას Transfermarkt-ი 900 ათას ევროდ აფასებს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ქუთაისელთა ახალწვეულის, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, მამადუ სახოს შეფასება (800 ათასი).
საინტერესოა, რომ „ულსანი“ იქნება ფიფა-ს მიერ ორგანიზებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, რომელიც პირველად 2000 წელს ჩატარდა, ხოლო 2005-დან ყოველწლიურად იმართება. 2025 წლიდან კი, ფიფა-ს გადაწყვეტილებით, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.