არაბიძე ფორმაში შედის - „ტორპედომ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ მესამე ტურის შეხვედრა „სამტრედიასთან“ გამართა და გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშით იმერული დერბი მოიგო, სეზონში კი პირველი 3 ქულა მოიპოვა – 2:0.
სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში, 33-ე წუთზე გაიხსნა. აუტის ხაზთან ახლოს დანიშნული საჯარიმო გიორგი არაბიძემ შეასრულა, ბურთი პირდაპირ კარში გაუშვა, ულამაზესი გოლით „ტორპედო“ დააწინაურა და სეზონში ქუთაისელთა პირველი გოლის ავტორი გახდა.
მეორე ტაიმში „სამტრედია“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღო და კვლავ ანალოგიურ ვითარებაში – „ტორპედოს“ მცველმა ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმოდან ისევ კარში ჩაახვია, მეკარე იაროსლავ ბურიჩენკოვმა ბურთი მოიგერია, მაგრამ ქუთაისელთა ახალწვეულმა, ნიკა კაჭარავამ დამატებაზე „ტორპედოს“ ფორმით პირველი გოლი გაიტანა – 0:2.
ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონში პირველი გამარჯვებით 5 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, „სამტრედია“ კი მესამე ტურის შემდეგ მექვსე ადგილზე დაქვეითდა.