ჯაბა ჯიღაური უცნაური ისტორიის გმირი გახდა – ის ბოლო სამ კვირაში მეორე კლუბში ჩაირიცხა. 18 თებერვალს, ყაზახურმა მედიამ გამოაცხადა, რომ ქართველი ნახევარმცველი კარიერას ყაზახურ “აქტობეში” გააგრძელებდა – გუნდში, რომელმაც ყაზახეთის წინა ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა. 28 თებერვალს ფეხბურთელი მედიასაც წარუდგინეს.
დღეს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა კონტრაქტი ყაზახეთის პრემიერლიგის მესამეადგლოსან შიმქენთის ”ორდაბასისთან” გააფორმა, რომელიც ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ეს სიახლე პირველ არხს ფეხბურთელის მენეჯერმა ლევან ზუხბაიამ გაუმხილა.
მისი თქმით, ჯაბას კონტრაქტი დარეგისტრირებული არ იყო. ამით ”ორდაბასმა” ისარგებლა, საკითხი ”აქტობესთანაც” შეათანხმა და ჯიღაურმა ერთწლიანი კოტრაქტი გააფორმა.
”ეს ჯაბასთვის უკეთესი ვარიანტი იყო, რადგან ”ორდაბასი” ევროპის ლიგაზე ითამაშებს, ”აქტობე” კი მე-9 ადგილზე იყო და ამის შანსი არ ჰქონდა” – ამბობს ზუხბაია.
თბილისის ”დინამოს” ყოფილი ფეხბურთელის, ჯიღაურის ბოლო კლუბი მაკედონიური “ვარდარი” იყო, რომლის ფორმითაც ჯაბამ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.