„აქტობე“-„ტორპედოს“ თამაშის ბილეთს გადამყიდველები 50 ათასად ყიდიან #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე ყაზახური „აქტობესა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ თამაშისადმი გულშემატკივრების ინტერესი იმდენად დიდია, რომ გადამყიდველები ბილეთებს 50 000 ტენგედ (დაახლოებით 300 ლარი) ყიდიან – ამის შესახებ ყაზახურ ტელეგრამ არხზე, „გრეი კარდინალზე“ ისაუბრეს. მატჩის ბილეთები გასაყიდად 1-ელ აგვისტოს გამოიტანეს და სამ საათში ყველა (13 661) გაიყიდა.
„ვინ შეებრძოლება გადამყიდველებს? ვებ-გვერდ olx.kz-ზე არაკეთილსინდისიერი პირები „აქტობე“-„ტორპედოს“ მატჩზე სტადიონის ცენტრალური ადგილების ბილეთებს 50 000 ტენგედ ყიდიან. ასეთი ფასი იმითაა განპირობებული, რომ თამაშზე დასწრების მსურველთა რაოდენობა სტადიონის ტევადობაზე (13 661) გაცილებით მეტია.
ამის გამო გადამყიდველები გააქტიურდნენ, ყიდულობენ რამდენიმე ათეულ ბილეთს და შემდეგ გადაჭარბებულ ფასებში ყიდიან. შესაძლოა, მათ კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი ეხმარება, რომელიც პასუხისმგებელია ბილეთების დარიგებაზე. როგორც ჩანს, საქმეში რეგიონის სამართალდამცავები უნდა ჩაერიონ.
2013 წელს ორი გადამყიდველი დააკავეს და დააჯარიმეს. სურვილის შემთხვევაში, სამართალდამცავებს შეუძლიათ მთელი ჯაჭვი ერთ დღეში გამოავლინონ. ყველაზე მეტად რიგითი გულშემატკივარი ზარალდება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა ბილეთის შეძენას“, – წერს ყაზახური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენსლიგაზე „აქტობე“-„ტორპედოს“ საპასუხო თამაში 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.