აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აკვირდება
სასამართლო პროცესებს, რომელზეც აქციაზე დაკავებულ პირებს ასამართლებენ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირადად აკვირდება.
„დღის პირველ ნახევარში პირებს პატიმრობას უფარდებდნენ ადმინისტრაციული სანქციის სახით და ხარვეზები გამოიკვეთა პროცესის მიმდინარეობისას. დაჩქარებული იყო პროცესები, არ ხდებოდა მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევა. ასევე, პროცესის საჯაროობასაც ექმნებოდა საფრთხე, ხმა არ ისმოდა და ძალიან რთული იყო, გაგვერჩია მათ შორის დაკავებულების სახელი და გვარიც კი. თუმცა, უკვე საღამოსკენ ვითარება შეიცვალა.
როგორც მეუბნებიან და მე თავადაც ვესწრებოდი ამ პროცესებს, უკვე სასამართლო ძირითადად შენიშვნას უცხადებდა და ასევე, ძალიან ბევრი პროცესი გადაიდო ადვოკატების მოთხოვნით იმის გამო, რომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა მოითხოვეს ადვოკატებმა. ამიტომ, პროცესები გაგრძელდება და ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები სასამართლოში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.