„აპოლონს“ მესამე ქართველის დამტებაც სურდა - ზორნიგერი ლობჟანიძის დონის მოთამაშეებს ეძებს #1TVSPORT
„აპოლონს“ მესამე ქართველის დამტებაც სურდა - ზორნიგერი ლობჟანიძის დონის მოთამაშეებს ეძებს #1TVSPORT

საბა ლობჟანიძის გადაბირება კვიპროსის ერთ-ერთ წამყვან კლუბს, ლიმასოლის „აპოლონს“ სურდა, – ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „კერკიდა“ იუწყება.

„ლიმასოლის „აპოლონის“ მწვრთნელი სწრაფ თავდამსხმელებსა და ფლანგის მოთამაშეებს ეძებს. მას სურს, რომ გუნდმა შეტევაში ხარისხი გააუმჯობესოს. ჩვენი ინფორმაციით, „აპოლონი“ საბა ლობჟანიძეს დაუკავშირდა და მას ძალიან კარგი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა“, – წერს „კერკიდა“.

ბერძნული გამოცემის ცნობით, ლობჟანიძემ კვიპროსში თამაში არ ისურვა:

„მას „აპოლონის“ გერმანელი მწვრთნელი ალეკსანდრ ზორნიგერი ძალიან კარგად იცნობს. საბა ლობჟანიძემ დანიაში სამი წელი (2017-2019) ითამაშა და წარმატებასაც მიაღწია „რანდერსში“, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი თურქეთში დარჩა – ის „ანკარაგუჯუდან“ „ხატაისპორში“ გადავიდა“.

ლიმასოლის კლუბის მთავარი მწვრთნელი ალეკსანდრ ზორნიგერი 2021 წლის ზაფხულამდე დანიურ „ბრონდბიუში“ მუშაობდა და ორი წლის განმავლობაში ცდილობდა „რანდერსიდან“ ლობჟანიძის გადაბირებას. გუნდი საამისოდ 700 ათას ევროს იხდიდა, მაგრამ „რანდერსი“ მილიონზე ნაკლებ თანხას არ თანხმდებოდა.

ლიმასოლის „აპოლონში“ ორი ქართველი თამაშობს – გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია. ახლახან, ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამან გუნდის მოსამზადებელი გეგმები სრულიად არია. 4 ივნისს გადაიდო გამგზავრება ავსტრიაში, სადაც გუნდს მოსამზადებელი ძირითადი ეტაპი უნდა ჩაეტარებინა. გუნდი კვიპროსზე დარჩება და მომზადებას გააგრძელებს, მაგრამ თუ კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ დადასტურდება, მაშინ „აპოლონი“ ავსტრიაში მოგვიანებით გაემგზავრება.