„აპოლონის“ თავდამსხმელი რევაზ ინჯგია კარიერას „დოქსაში“ გააგრძელებს – 21 წლის ქართველ ფეხბურთელზე ინფორმაცია ლიმასოლის კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„აპოლონი“ აცხადებს, რომ რევაზ ინჯგია დროებით დაუთმო „დოქსას“ ერთი წლის ვადით. იჯარა 2023 წლის მაისამდე გაფორმდა“, – ვკითხულობთ „აპოლონის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
რეზი ინჯგია „აპოლონში“ 2021 წლის ზაფხულში მაშინ ჩაირიცხა, როდესაც კლუბი გერმანელმა სპეციალისტმა ალექსანდრე ცორნიგერმა ჩაიბარა.
21 წლის თავდამსხმელს გერმანელი მწვრთნელის დროს პერიოდულად ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი. მაგრამ აგვისტოში ვითარება შეიცვალა. ინჯგიას პრობლემები გუნდიდან ცორნიგერის გაშვების შემდეგ შეექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „აპოლონმა“ კვიპროსის ბოლო ჩემპიონატი მოიგო, კლუბი ჩემპიონთა ლიგას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა და ცორნიგერი გაათავისუფლეს.
გუნდი ევროპის პლეი-ოფში პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ კვიპროსში 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, განმეორებით მატჩს ოთხშაბათს ათენში ჩაატარებს. გუნდს უკვე ესპანელი დავით კატალა ამზადებს, რომელმაც ქართველი ახალგაზრდა „ოლიმპიაკოსთან“ განაცხადშიც არ შეიყვანა.
ლიმასოლის კლუბს ინჯგიას უთამაშებლად დატოვება არ სურდა და „დოქსაში“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაუშვა.