„აპოელში“ ქართველების მწვრთნელი მოხსნეს - გუნდი სერბმა მილოევიჩმა ჩაიბარა #1TVSPORT
ქართულ სამეულს (ლაშა დვალი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი ქვილითაია) ნიქოზიას „აპოელში“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს სერბი სპეციალისტი ვლადან მილოევიჩი გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის 7 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა. ყოფილი მწვრთნელის, სოფრონის ავგუსტის გაშვება ბოლო ტურში ჩემპიონ ლიმასოლის „აელთან“ ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის მეორე დღეს გადაწყდა. სულ რაღაც ერთი დღე გახდა საჭირო, რომ „აპოელის“ ახალი მწვრთნელი მოეძებნათ. ნიქოზიას კლუბის ცნობით, სერბ მწვრთნელთან კონტრაქტი 2023 წლის მაისამდე გაფორმდა.
ვლადან მილოევიჩის კარიერაში ბოლო კლუბი საუდის არაბეთის „ალ-ეტიფაკი“ იყო. მანამდე მუშაობდა სერბეთის, კვიპროსის და საბერძნეთის გუნდებში. მან მოიგო სერბეთის ორი ჩემპიონის ტიტული და ერთხელ თასი – ზედიზედ ორი წლის განმავლობაში (2017, 2018) სერბეთის წლის მწვრთნელად ასახელებდნენ. მან ამ პერიოდში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიიყვანა.
„აპოელის“ უკვე ყოფილი მწვრთნელი, სოფრონის ავგუსტი იყო გუნდში ქართველების მიყვანის ინიციატორი იყო – თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი და ლაშა დვალი სწორედ მან მიიწვია.