კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ნიქოზიას „აპოელი“ ქართული სამეულის დამატების შემდეგ, ლევან შენგელიას გადაბირებასაც ცდილობს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტ ტაიმი“ ავრცელებს.
„როგორც ჩანს, ლევან შენგელია არის „აპოელის“ შემდეგი სატრანსფერო სამიზნე, რომელსაც შეტევის მარჯვენა ფლანგის გაძლიერების იმედი უკავშირდება. მას ასევე შეუძლია შეტევის ცენტრში თამაში. ფეხბურთელს გამორჩეული თვისებები გააჩნია. 25 წლის თავდამსხმელს აქვს ძალიან ძლიერი დარტყმა და მშვენიერი გადაცემები, რომლების შედეგადაც გოლები ხშირად გადის. ის შეიძლება არ იყოს ისეთი, ვინც დრიბლინგებით ბურთს წინ წაიღებს ან ფეთქებადი უნარით აგვაღფრთოვანებს. გუნდში უკვე არიან ასეთი ფეხბურთელები – ოქრიაშვილი, დანილო. თუ გარიგება საბოლოოდ დასრულდება, ეს იქნება გაძლიერება, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული ელემენტების დამატებას, რომლებიც შარშან „აპოელში“ არ იყო“, – წერს „სპორტ ტაიმი“.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდში კიდევ სამი ქართველია – გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, რაც შენგელიას ადაპტაციას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიური გამოცემა „რეკორდის“ ინფორმაციით, ლევან შენგელიას პორტუგალიაში „ბოავიშტა“ იწვევდა და კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდა, მანამდე ქართველის მომავალი ბერძნულ კლუბს, სალონიკის „არისს“ დაუკავშირეს.
საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს, რომელიც თურქეთის „კონიასპორში“ თამაშობდა, გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.