თორნიკე ოქრიაშილმა კვიპროსის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა „აპოლონის“ კარში, მაგრამ ამან „აპოელს“ ვერ უშველა და ჩემპიონობის დაბრუნების მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა. „აპოლონმა“ 3:2 გაიმარჯვა.
ეს მატჩი კვიპროსის მიმდინარე ჩემპიონატის ფაქტობრივი ფინალი იყო, რადგან „აპოელი“ 51 ქულით მეორე ადგილზე იყო და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 1 ქულით სწორედ „აპოლონი“ ასწრებდა. ამ მატჩს ქვეყნის ახალი ჩემპიონის გარკვევაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო.
წინასამატჩოდ დაანონსდა, რომ „აპოელში“ გიორგი ქვილითაია ითამაშებდა, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაირკვა, რომ ქართველი თავდამსხმელი განაცხადში არ იყო, სამაგიეროდ, დიდი ხნის შესვენების შემდეგ სამატჩო ოქმში მურთაზ დაუშვილი მოხვდა.
პირველი ნახევარი მასპინძელმა „აპოლონმა“ (რეზი ინჯგია განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია) პიტასის და მავრიასის გოლებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და 2:0 მოიგო. 61-ე წუთზე საციასმა ანგარიში შეამცირა, მაგრამ 72-ე წუთზე იანგამ „აპოლონის“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
„აპოელს“ მატჩის გადარჩენის იმედი თორნიკე ოქრიაშვილმა დაუბრუნა, რომელმაც 76-ე წუთზე საოცარი „მაკრატელითი“ ანგარიში ისევ მინიმუმამდე შეამცირა – 3:2. ეს იყო დაახლოებით ისეთივე სილამაზის გოლი, რომელიც ოქრიაშვილის „ზენიტის“ და „სევილიას“ კარებში გაუტანია.
ქართველის ულამაზესმა გოლმა სტუმრები შეაგულიანა და დარჩენილ წუთებში მთელი ძალებით შუეტიეს, მაგრამ ქულის და საჩემპიონო შანსის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.