„აპოელმა“ დვალის პოზიციაზე მცველი დაიმატა - ქართველი მოთამაშე კვიპროსიდან წასვლას არ ადასტურებს #1TVSPORT
„აპოელმა“ ლიეჟის „სტანდარტიდან“ ცენტრალური მცველი კონსტანტინოს ლაიფისი დაიმატა, რაც იმიტომ არის საინტერესო, რომ 31 წლის გამოცდილი ფეხბურთელი ლაშა დვალის პოტენციურ შემცვლელად განიხილება, – ამის შესახებ გამოცემა goal.philenews-ი წერს.
„კონსტანტინოს ლაიფისის და „აპოელის” მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ეს აუცილებლად აღაფრთოვანებს ჩემპიონის გულშემატკივრებს და ამავდროულად დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მეტყველებს.
კვიპროსის ნაკრების ცენტრალური მცველი ლაშა დვალისა და რადოსავოვ პეტრიჩის ისედაც ძლიერ დუეტს დაემატება. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ტრავმირებული ციპრიანო, რომელმაც „პეტროკუბასთან“ პირველ მატჩში ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.
ამ ტრანსფერით კლუბი ნებისმიერ დროს შეცვლის ლაშა დვალს, რომლის წასვლაზეც უკვე დაიწერა. არ დაგვავიწყდეს, მისი აგენტი ლაშა ოდილაძე აცხადებდა, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ ქართველი მცველი, შესაძლოა, გერმანიაშიც გადავიდეს“, – ამტკიცებს goal.philenews-ი.
თუმცა ამ თემაზე კომენტარი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანთან“ მატჩის დასრულების შემდეგ ლაშა დვალმა გააკეთა და უარყო, რომ გუნდიდან წასვლას აპირებს.
„ევრო 2024-ის შემდეგ დაღლილი ვარ, მაგრამ გუნდი ფორმაში შესვლაში მეხმარება. ცოტა ამოსუნთქვა მინდოდა. რაც შეეხება ახალ გუნდს – მე „აპოელის“ ერთგული ვარ და მასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს“, – ამბობს ლაშა დვალი.