აპოელ-მა პოზიცია დააფიქსირა - ქვილითაიასა და დვალს წასვლა არ სურთ #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალს აპოელ-თან კონტრაქტები აკავშირებთ და ჯერ სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებენ, – ამის შესახებ კლუბის პრესმდივანმა ნექტარიოს პეტევინოსმა SPORT FM-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ორივე მოთამაშემ თქვა, რომ სხვა გუნდებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონდათ, მიუხედავად მათი მენეჯერის, ლაშა ოდილაძის სიტყვებისა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე გუნდის პრეზიდენტი ქვილითაიას უშუალოდ დაუკავშირდა.
ამის შესახებ აპოელ-ის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს ესაუბრა და მათ გვაცნობეს, რომ სხვა გუნდებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ. მენეჯერების მოვალეობაა, რომ თავიანთი მოთამაშეების მომავალზე იფიქრონ, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ გუნდში დარჩენა სურთ“, – განაცხადა „აპოელის“ პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ არხთან მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ განაცხადა, რომ აპოელ-ის ქართველი ლეგიონერებით კვიპროსისა და სხვა ქვეყნების გუნდები დაინტერესდნენ. კლუბის ლიდერების შესაძლო წასვლამ აპოელ-ის გულშემატკივრებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.