ანზორ მექვაბიშვილი - საქართველოს ნაკრებში მეგობრული გარემო დამხვდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 20 წლის ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასა და წლის პირველ შეკრებაზე. „ჯვაროსნები“ სარაევოში იმყოფებიან და დღეს პირველი ვარჯიში გამართეს.
„ახალ გარემოში ყოველთვის არის მღელვარების ფონი, სულ ვფიქრობდი და მინდოდა, რომ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. ახლა მივიღე შანსი და უკვე სავარჯიშო პროცესს ვიწყებთ. ნაკრებში გამოძახება ნაწილობრივ მოულოდნელობა იყო, ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებააა და მადლობა მას ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მშობლები არიან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ შევატყობინე ნაკრებში გამოძახება“, – ამბობს ანზორ ანზორ მექვაბიშვილი.
მისი თქმით, ნაკრებში ბავშობის მეგობრებთან შეხვედრამ გაახარა:
„ბავშვობიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად ვთამაშობდი და ყოველთვის სასიამოვნო იყო მათი წარმატება. მიხარია, რომ ახლა ერთმანეთს სანაკრებო გარემოში შევხვდით. ნებისმიერ თამაშს თავისი დატვირთვა აქვს. რა თქმა უნდა, გუნდი ივნისის მატჩებისთვის ემზადება, ამიტომ მარტის თამაშები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, როდესაც სანაკრებო მატჩია, ვფიქრობ არ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრები. ნაკრებში მეგობრული გარემოა, ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობდი და მიხარია, რომ ახლა აქ ვარ”.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ბოსნია და ჰერცეგოვინას შეხვდება. ანზორ მექვაბიშვილი 2022 წლის მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ერთადერთი დებიუტანტია.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
25 მარტი – 23:45
ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
29 მარტი – 20:00
ალბანეთი – საქართველო