ანზორ მექვაბიშვილი - ოპტიმალურ ფორმაში ვარ და შემიძლია, ნაკრებს დავეხმარო #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილი - ოპტიმალურ ფორმაში ვარ და შემიძლია, ნაკრებს დავეხმარო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ანზორ მექვაბიშვილმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩების შესახებ ისაუბრა.

„ზუსტად ორი თვე გამიცდა და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომერჩინა ტრავმა. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში დავეხმარო ნაკრებს.

მთავარია, მომდევნო მატჩებში შევინარჩუნოთ ის თამაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე და სექტემბერში გვქონდა. იყო მცირე ჩავარდნა, იყო უიღბლობაც, თუმცა მთავარია, რომ დავიბრუნოთ ის, რაც აქამდე გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ძალიან კარგია ქვეყნისთვის, როდესაც ნაკრები არამხოლოდ დედაქალაქში თამაშობს. განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც ბათუმში ან ახლოს ცხოვრობს და შეძლებს თამაშზე მოსვლას. განსხვავებული ატმოსფერო იქნება, რაც აუცილებლად დაეხმარება გუნდს. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.

ანზორ მექვაბიშვილი 24 აგვისტოს დაშავდა, ხოლო მოედანზე 31 ოქტომბერს სათასო მატჩში დაბრუნდა. ტრავმის შემდეგ „უნივერსიტატეას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად 8 ნოემბერს რუმინეთის ლიგა 1-ში, „ჰერმანშტადტთან“ მატჩში (3:1) გამოჩნდა და 90 წუთი ითამაშა.

წლის დასკვნით საშინაო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში 16 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს ჩვენი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში დაუპირისპირდება.