ანზორ მექვაბიშვილი - ნაკრებში თამაში სულ სხვა გამოწვევაა #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილი - ნაკრებში თამაში სულ სხვა გამოწვევაა #1TVSPORT

ანზორ მექვაბიშვილი ვილი სანიოლმა მარტში დაგეგმილ საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ამხანაგურ შეხვედრაში სათამაშოდ მიიწვია, რომელიც სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას (25 მარტს) და ალბანეთს (29 მარტს) დაუპირისპირდება.

„დინამოს“ ნახევარმცველმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და პირველი ემოციების აღწერა ურთულესია. მიხარია რომ ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი მაქვს ჩატარებული და ეს გამოცდილება, ვფიქრობ, დამეხმარება. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს, უპირველესად იმისთვის რომ ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებს შანსს აძლევს და მე პირველი არ ვარ ამ სიაში და მჯერა, რომ შემდგომში სხვებსაც მიეცემათ შანსი. ​ეროვნულ გუნდში თამაში სულ სხვა გამოწვევაა, ჩემი მიზანია ვითამაშო უმაღლეს დონეზე და დავარწმუნო ქომაგი რომ ეს მიწვევა შემთხვევითი არაა”, – ამბობს ანზორ მექვაბიშვილი.

20 წლის მექვაბიშვილი „დინამო აკადემიის“ აღზრდილია და პროფესიული საფეხბურთო კარიერაც „დინამოში“ დაიწყო. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2020 წლის სეზონში შედგა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ანზორ მექვაბიშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში გამოძახებამდე კი 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო.