ანზორ მექვაბიშვილი - ნაკრების მწვრთნელის დავალება შევასრულეთ #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრებში დებიუტზე – ვილი სანიოლმა „დინამო თბილისის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ეროვნულ გუნდში წელს პირველად გამოიძახა და მარტის ორივე ამხანაგური მატჩი ათამაშა – ზენიცაში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ტირანაში ალბანეთთან.
„მადლობა ვილი სანიოლს, რადგან მომცა შანსი და გამომიძახა ეროვნულ ნაკრებში. მძიმე თამაშები გამოდგა, მაგრამ მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და მტკიცე ხასიათის გუნდი ვიყავით. მიხარია, რომ ჩემი შესაძლებლობების წარმოჩინების შანსი ორივე შეხვედრაში მომეცა“, – ამბობს მექვაბიშვილი.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტირანას სტადიონზე არსებული ატოსფეროსა და გულშემატკივრობის როლზე ისაუბრა:
„ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრო დღევანდელ შეხვედრას, რაც ფეხბურთს უზომოდ ალამაზებს. მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, რომ ივნისის თამაშებზე გვიქომაგონ და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებით ვითამაშოთ ერთა ლიგაზე“, – განაცხადა ნაკრების დებიუტანტმა.
მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში, ერთა ლიგის ახალი სეზონის ფარგლებში გამართავს. 2-დან 12 ივნისის ჩათვლით, ვილი სანიოლის გუნდი ოთხ შეხვედრას ჩაატარებს.