ანზორ მექვაბიშვილი - ბედნიერი ვარ თბილისის „დინამოში“ გატარებული ყოველი წუთით #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, კრაიოვას „უნივერსიტატეაში“ გადავიდა, სადაც 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მადლობა ყველაფრისთვის 2013 წლიდან დღემდე. წარმატებას გისურვებთ მომავალ კარიერაში“, – ასე დაემშვიდობა თბილისური გუნდი ვიცე-კაპიტანს, რომელიც „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და გუნდის სისტემაში ზუსტად 10 წელი გაატარა. კლუბს მადლობა ანზორ მექვაბიშვილმაც გადაუხადა.
„ძალიან ბედნიერი ვარ „დინამოში“ გატარებული ყოველი წუთით, რადგან ამ გუნდმა გამზარდა და მომცა ყველაფერი, რაც კი გამაჩნია. უბრალოდ, გამომშვიდობების დრო მოვიდა.
წარმატებები, მინდა, ვუსურვო გუნდს, ყველას, ვინც აქ მუშაობს და, რა თქმა უნდა, ასევე გულშემატკივრებს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ისევ შევხდებით ერთმანეთს და კიდევ ვიზეიმებთ ბევრ წარმატებას. მხოლოდ „დინამო“, მხოლოდ თბილისი“, – ამბობს ანზორ მექვაბიშვილი.