ანტონიო კასანო - კვარაცხელია თავისუფლად ითამაშებდა „მანჩესტერ სიტიშიც“ და „ბარსელონაშიც“ #1TVSPORT
იტალიის ნაკრებისა და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი თავდამსხმელი ევროპული ფეხბურთის ნებისმიერ გრანდში თავისუფლად ითამაშებდა.
„სპალეტიმ თავისი გუნდი „აიაქსთან“ თამაშისთვის კარგად მოამზადა. ამსტერდამელები მიჩვეულები არიან გატანას და მეტოქეს არბენინებენ. ამ დროს, „ნაპოლის“ შეეძლო მისთვის 12 გოლი გაეტანა, ნეაპოლელებმა მეტოქეს ყველაფრით აჯობეს – ხარისხით, რაოდენობით, ორგანიზებულობით, უბურთოდ თამაშით, გამბედაობით, იდეებით. მე ვამბობ, რომ ნამდვილი გენიოსი არის ის, ვინც „ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე ზის – სპალეტი.
ლობოტკა აჩვენებს, რომ კიდევ უფრო ძლიერია, კიმი ძალიან კარგი მცველია, ქართველი კი ფენომენია. კვარაცხელიაზე საერთოდ კომენტარი მიჭირს. ის ძლიერია როგორც მოკლე, ასევე გრძელ სპრინტებში, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და თანაბრად კარგად ახერხებს მცველებისგან გაქცევას მარჯვნივ თუ მარცხნივ.
იტალიაში მისი გადმოსვლიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ ვამბობ, მის პოტენციალში დარწმუნებული ვარ და ქართველს ყველა დონეზე შეუძლიათ თამაში. თუ გრილიში თამაშობს „მანჩესტერ სიტიში“, ეს კვარაცხელიასაც შეუძლია. ის მიუნხენის „ბაიერნშიც“ დამკვიდრდებოდა და „ბარსელონაში“ დემბელეს ან ფერან ტორესის ნაცვლადაც იოლად ითამაშებდა. ის მარცხენა ფლანგის შთამბეჭდავი მოთამაშეა და 4-3-3 სათამაშო სქემაშიც კარგად გამოიყურება და 4-2-3-1-ის განლაგებაშიც. ამ ორ სქემაში მასზე უკეთეს და ძლიერ ფეხბურთელს ვერც ვხედავ“, – ამბობს ანტონიო კასანო.