ანტონიო კასანო - კვარაცხელია შთამბეჭდავია, მინდოდა, მისთვის მესიჯი გამეგზავნა #1TVSPORT
სერია ა-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზე ანტონიო კასანომ ისაუბრა და ქართველით აღტაცება არ დამალა. „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერის შესახებ იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა Bobo TV-ზე ისაუბრა:
„კვარაცხელია შთამბეჭდავია. ვნახე „ნაპოლის“ მატჩი და მინდოდა, მისთვის მესიჯი გამომეგზავნა, მაგრამ ჯერ თავი შევიკავე და მოუთმენლად ველოდები შემდეგ მატჩს. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა – როდესაც ბურთი მარჯვნივ არის, ის სწრაფად ხდება მეორე თავდამსხმელი. გატანილი გოლის დროს თავი ინტელექტით დამამახსოვრა. მცველის ზურგსუკან იმ დროს ახტა, როდესაც დაცვაში „ხვრელით“ უნდა ესარგებლა. ის მომენტს კარგად გრძნობს“, – განაცხადა ანტონიო კასანომ.
21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული იტალიელი თავდამსხმელი ისტორიას ხულიგანის სახელით შემორჩა, რომელიც ვერ მოარჯულეს – ითამაშა „რომაში“, მადრიდის „რეალში“, „სამპდორიაში“, „მილანსა“ და „ინტერში“.
2012 წელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა. 2001 და 2003 წლებში სერია ა-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, იტალიის ნაკრების რეკორდსმენია ევროპის ჩემპიონატზე გოლების რაოდენობით (3 გოლი).
„ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდა და 5:2 მოიგო, მატჩის უდავო გმირებს შორის, რა თქმა უნდა, მთავარი გოლის ავტორი კვარაცხელია იყო, რომელიც ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და ტურის საუკთესო გოლის ავტორადაც აღიარეს.
ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 21 აგვისტოს ჩაატარებენ. ნეაპოლელები დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე სერია „ა“-ში დაწინაურებულ „მონცას“ უმასპინძლებენ.