ანტენტოკუნმპოს მეორე სამმაგი, იბაკას რეკორდი - NBA-ის სათამაშო დღის ფაქტები და TOP10 [ვიდეო]

იანის ანტენტოკუნმპომ 26 ქულით, 15 მოხსნითა და 11 პასით სეზონში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა, „მილუოკიმ“ 144:109 გაანადგურა „საკრამენტო“, რომელსაც ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული. „ბაქსმა“ გამარჯვება პრაქტიკულად პირველ ტაიმში გაიფორმა, როცა 18:1 გაქცევა შეძლო.

სერჟ იბაკამ კარიერის რეკორდი დაამყარა 34 ქულით, რასაც 10 მოხსნა დაუმატა. კაილ ლაურის 21 ქულა და 15 პასი ჰქონდა. ეს ამ კალათბურთელის მეშვიდე ორმაგი დუბლი იყო სეზონში. „ტორონტომ”“ 121:107 დაამარცხა „ლეიკერსი“ და აგრძელებს ლიდერობას აღმოსავლეთში. კალიფორნიელთა რიგებში 18 ქულა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს.

„ვაშინგტონმა“ ჯონ უოლის 26 ქულითა და ბრედლი ბილის 22 ქულით „ნიუ იორკი“ 108:95 დაამარცხა და შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. მეოთხე მეოთხედში 86:86 თანაბარი ანგარიშის შემდეგ, „ვაშინგტონმა“ 16:2 გაქცევით გადაწყვიტა მატჩის ბედი. ამ სპურტისას ბილს 7 ქულა ჰქონდა.

„ფინიქსმა“ „მემფისის“ ძლევით (102:100) შვიდმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. გადამწყვეტი დევინ ბუკერის ტყორცნა აღმოჩნდა, რომელიც მან სირენამდე 1.7 წამით ადრე შეასრულა. ბუკერმა შეხვედრა 25 ქულით დაასრულა.

„ფილადელფიამ“ 28 შეცდომა დაუშვა „ბრუკლინის“ წინააღმდეგ, 97:122 დამარცხდა და სტუმრად ჯერაც არ აქვს მოგება. „სიქსერზის“ ცენტრმა, ჯოელ ემბიდმა 16 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა და სეზონის ლიდერია ორმაგი დუბლების (10) რაოდენობით.

„ორლანდო“ ბოლო მეოთხედში 17 ქულით უგებდა „სან ანტონიოს“. „სპურსმა“ ხუთ ქულამდე შეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ ვერ გადაარჩინა თამაში და შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოგებათა სერია. თავის მხრივ, „ორლანდომ“ პირველად მოიგო ოთხი წაგების შემდეგ.

სათამაშო დღის შედეგები –
მილუოკი-საკრამენტო 144:109 (39:30, 33:20, 36:32, 36:27)
ბრუკლინი-ფილადელფია 122:97 (18:21, 33:26, 41:28, 30:22)
ვაშინგტონი-ნიუ იორკი 108:95 (24:17, 34:33, 23:28, 27:17)
სან ანტონიო-ორლანდო 110:117 (26:36, 28:27, 20:28, 36:26)
ფინიქსი-მემფისი 102:100 (21:28, 31:28, 25:25, 25:19)
პორტლენდი-მინესოტა 111:81 (30:27, 31:18, 31:19, 19:17)
ლეიკერსი-ტორონტო 107:121 (17:42, 32:29, 31:30, 27:20)