ანტალიის გრანდ სლემზე თუშიშვილი და მაისურაძე მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თურქეთში მიმდინარე ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად ექვსი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე -90 კგ.), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გამოვიდნენ. მათგან ტურნირზე ასპარეზობას მხოლოდ სამნი – მაისურაძე, სანებლიძე და თუშიშვილი აგრძელებენ.
მერვედფინალში ლუკა მაისურაძემ ყაზახი მუზაპაროვი დამატებით დროში ლამაზი გდებით დაამარცხა და მეოთხედფინალში ტაჯიკ უსტეპირიონს შეხვდება.
მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი სლოვაკ ფიზელს მარტივად სძლია და ისიც ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
ონისე სანებლიძე თავის მერვედფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში გამართავს. დღეს ანტალიის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ,რომ თურქეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია.