ანრი ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებულ პირს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს აღკვეთის ღონისძიებად სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით, ათვლა დაკავებიდან, ანუ 14 იანვრის 19:47 საათიდან დაიწყო.
მას ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.
ბრალდების მხარე ხუთდღიან პატიმრობას ითხოვდა, თავად რობაქიძემ კი განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წამლებზეა დამოკიდებული და გირაოს შეფარდება მოითხოვა. მას ადვოკატი არ ჰყავდა. როგორც დაკავებულმა სხდომაზე განმარტა, არც საქმეს გასცნობია და სასამართლომდე არც ოქმი გადასცემია, რომლის მიხედვითაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.
სხდომაზე რობაქიძემ თქვა, რომ ანრი ოხანაშვილს დიდი ხანია, იცნობს. მან უარყო დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირება და დაადასტურა, რომ ორივეს მხრიდან მხოლოდ ხმამაღალი საუბარი იყო.
„ანრი ადგა და გავიდა, მალე მოვიდა პოლიცია. ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ სხვა არაფერი ყოფილა. ჩემი აგრესია გამოიწვია იმან, რომ ბავშვები მარტო მყავდა ჩამოყვანილი ბაკურიანში, არ გაითვალისწინა პოლიციამ და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გამო დამაკავა. ახლაც არ ვიცი, სად არიან ბავშვები. მითხრეს, რომ მეგობარმა წაიყვანა“, – ასე განმარტა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა რობაქიძემ.
ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.