„ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია წარადგინა - მეორე როლს ვერ შევეგუები
„ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია წარადგინა - მეორე როლს ვერ შევეგუები

ლარნაკაში ფამაგუსტას „ანორთოსისმა” ფანებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი თემურ ქეცბაია წარადგინა, რომელიც ამ კლუბში ადრე თამაშობდა და წვრთნიდა.

„განსაკუთრებით ბედნიერი ვარ თემურ ქეცბაიას დაბრუნებით. ყოველთვის ვაფასებდი მის სპორტულ შესაძლებლობებს, ისევე როგორც ჩვენი კლუბისადმი მის დამოკიდებულებას. ერთად შეგვიძლია „ანორთოსისს” ძველი სახელი დავუბრუნოთ”, – განაცხადა „ანორთოსისის” დირექტორატის თავმჯდომარემ, ევგენი გამბულასმა.

ჟურნალისტების შეკითხვებს ფამაგუსტელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმაც უპასუხა.

„მოვედი მშობლიურ კლუბში, სადაც 1991 წელს კარიერა დავიწყე. აქ ვცხოვრობდი, ვთამაშობდი და ვვარჯიშობდი და ვიცი, ახლა „ანორთოსისში” რა პრობლემებიცაა. მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც გულშემატკივრები ჩვენგან ელიან. საამისოდ კი „ანორთოსისის”  ხელძღვანელებმა ორწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. ეს დრო გვჭირდება, კარგი გუნდი ერთად რომ ჩამოვაყალიბოთ და წარსულის დიდება დავიბრუნოთ. „ანორთოსისი” შეეჩვია, რომ მთავარი გმირია და მეორე როლს ვერ შევეგუები. უნდა დავიწყოთ ცვლილებები, რომლებიც საკუთარი ადგილის დაბრუნებაში დაგვეხმარება”, – ამბობს ქეცბაია.

ქართველი სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია ტიტულების დაბრუნება.

„მინდა, გავიმარჯვო ყველა თამაშში, რომელსაც ჩემი გუნდი ჩაატარებს. ვცდილობთ შევქმნათ ძლიერი გუნდი, სადაც მოთამაშეები ვითარების შეცვლას მოახერხებენ, ჩვენ კი კარგი ფეხბურთელები გვყავს. გუნდში არის ბირთვი და შევეცდებით, ახალი გუნდი მის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ. 2004 წელსაც იგივე პრობლემები გვქონდა და „ანორთოსისის” ფეხზე დაყენება და ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა მოვახერხეთ. გუნდი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის ჩვენებას შეეცდება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – აცხადებს ფამაგუსტელთა ახალი მთავარი მწვრთნელი.

საინტერესოა, რომ ფეხბურთიდან ქეცბაია „ანორთოსისმა” გააცილა და კლუბის წინაშე მისი დამსახურებებისთვის ხმარებიდან ამოიღო 14-ნომრიანი მაისურა, რომლითაც ქართველი ფეხბურთელი ფამაგუსტაში თამაშობდა.