„ანორთოსისმა“ ქეცბაიას დასჯა უარყო
„ანორთოსისმა“ ქეცბაიას დასჯა უარყო

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეს-სამსახურის უფროსმა სავას პილაკუტასმა უარყო ინფორმაცია, თითქოს გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ფედერაციის მისამართით გაკეთებული მწვავე გამონათქვამებისთვის დასაჯეს.

„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ქეცბაიას დასჯის შესახებ გუნდში ინფორმაცია არ მიგვიღია. თემურ ქეცბაია მწვრთნელია და მას ჩემპიონატისა და ვარჯიშის განახლება სურს. როდესაც მან ეს განცხადებები გააკეთა, სტრესულ მდგომარეობაში იყო. არ მგონია, მას ისეთი რამ ეთქვას, რასაც ფეხბურთის გულშემატკივრების უმეტესობა არ ეთანხმება“, – განაცხადა სავას პილაკუტასმა რადიო „სპორტ ფმ“-თან ინტერვიუში.

ქეცბაია კვიპროსის სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტ ჰარიზ ლოიზიდისის განცხადებამ გააღიზიანა, რომ გუნდებმა ვარჯიშები 7-8 მაისამდე თუ არ განაახლეს, შესაძლოა, ჩემპიონატის დასასრულებლად საკმარისი დრო არ დარჩეს. ასეთ შემთხვევაში, „ანორთოსისი“ არათუ კვიპროსის ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შანსს დაკარგავს, არამედ, შესაძლოა, ევროთასებზე საერთოდ ვერ იასპარეზოს. ამის გამო, ფამაგუსტას გუნდის ქართველმა მწვრთნელმა კვიპროსის ფედერაციის მისამართით მკვეთრი განცხადებები გააკეთა.