„ანორთოსისმა" ქეცბაიას დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა - დადგა დრო, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი დიდხანს ელოდა
„ანორთოსისმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ფამაგუსტას გუნდს მისი ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია დაუბრუნდა.
„თემურ ქეცბაია სახლში დაბრუნდა“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „ანორთოსისის“ ვებგვერდმა წერილი, რომელიც ამ თემას მიუძღვნა.
„დადგა დრო, რომელსაც „ანორთოსისის“ ათასობით გულშემატკივარი დიდი ხანი ელოდა. საკუთარ სახლში დაბრუნდა თემურ ქეცბაია – გუნდის ფანების საყვარელი მოთამაშე და მწვრთნელი, რომელმაც „ანორთოსისი“ განადიდა და თავადაც ამ კლუბის ისტორიაში შევიდა“, – წერს „ანორთოსისის“ გვერდი.
ფამაგუსტელთა პრესსამსახური კონტრაქტის დეტალებზე წერს: „2019 წლის პირველი ივნისიდან, სულ მცირე ორი წლის განმავლობაში, ქეცბაია „ანორთოსისის“ მწვრთნელი იქნება. ის გუნდის ხელმძღვანელობაში დაბრუნდა, რათა დიდი ძალისხმევით გუნდს ტიტულები და მიღწევები დაუბრუნოს და ჩვენ ყველას დიდების მომენტები მოგვანიჭოს“.
თემურ ქეცბაიას კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ კვიპროსულ კლუბს უკავშირდება. ფამაგუსტაში 1991 წლის ზაფხულში ჩავიდა, სამ წელიწადში (1991-1994) ჩატარებულ 76 მატჩში 39 გოლი გაიტანა და გუნდის თავდასხმის მთავარი ფიგურა გახდა. შემდეგ იყო ევროპული კარიერა და აეკ-ი, „ნიუკასლი“, „ვულვზი“, „დანდი“ და 2002 წელს ანტონიოს პაპადოპოსის სტადიონზე დაბრუნება.
„ანორთოსისი“ ქართველმა ფეხბურთელმა მოთამაშე-მწვრთნელის რანგში 2003 წელს ჩაიბარა, 2007 წელს კი ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, მთლიანად სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაერთო და კვიპროსელი ლტოლვილების გუნდი – ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ეს კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.