„ანორთოსისმა“ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა
„ანორთოსისმა“ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ თემურ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის შესახებაც კლუბმა 52 წლის ქართველ სპეციალისტს პირადადაც აცნობა და წერილიბითაც – ინფორმაციას გამოცემა „ანორთოსისი 24“ ავრცელებს.

„თემურს „ანორთოსისის“ მენეჯმენტმა წერილობითაც აცნობა, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ. გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ წინადადება თანამშრომლობის კიდევ ორი ​​წლით გაგრძელებას ითვალისწინებს“, – წერს გამოცემა.

„ანორთოსისი 24“ ამტკიცებს, რომ თანხმობის შემთხვევაში, ქეცბაიას გაუმჯობესებული პირობები ექნება:

„covid-19-ით გამოწვეული პრობლემებისა და შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, გაჟონა ინფორმაციამ, რომ თემურის ახალი წინადადება მისი ხელფასის ზრდას ითვალისწინებს, მაგრამ ზრდის პროცენტული მაჩვენებელი უცნობია“.

„სპორტ ფმ“ კი ამტკიცებს, რომ ქართველმა მწვრთნელმა მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა:

„თემურ ქეცბაიამ ითხოვა უფლება, გუნდის წინადადებას პასუხი რამდენიმე დღეში გასცეს. თუმცა თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია. მომდევნო დღეები და, შესაძლოა, კვირებიც აჩვენებს, რეალურად რა მოხდება შემდეგ. მაგრამ გუნდში გამოითქვა ოპტიმიზმი, რომ მოლაპარაკება შეუფერხებლად წარიმართება და თემური უახლოეს წლებში „ანორთოსისის“ ხელმძღვანელად დარჩება“.