„ანორთოსისმა“ ოქრიაშვილზე განცხადება გაავრცელა - თავს უკეთესად გრძნობს და ორ კვირაში დაბრუნდება
თორნიკე ოქრიაშვილის გარშემო შექმნილმა ვითარებამ კვიპროსში აჟიოტაჟი გამოიწვია. გულშემატკივრები ყოველდღე კითხულობენ, როდის დაუბრუნდება გუნდს მოთამაშე, რომლის გარეშეც ფამაგუსტელების შეტევა ეფექტურად არ გამოიყურება.
ამის გამო ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევი ნახევარმცველის თაობაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„ფეხბურთელი დაშავდა 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრების თამაშში. ამის მიუხედავად, თავის ეროვნულ გუნდთან ვარჯიში განაგრძო, მაგრამ შემდეგ ორ მატჩში არ უთამაშია. კვიპროსში დაბრუნების შემდეგ მან გაიარა MRI სკანირება (20/11), სადაც მარჯვენა მუხლის არეში მოტეხილობა და ძლიერი შეშუპება გამოჩნდა. თავდაპირველი შეფასება იყო ის, რომ ოქრიაშვილი ოთხი კვირა დაისვენებდა. „აპოლონთან“ მატჩამდე, ფეხბურთელმა შეძლო ჩვეული დატვირთვით ვარჯიში და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად განაცხადში იყო, ის დისკომფორტს უჩიოდა და არ ითამაშა. ფეხბურთელს ახალი MRI სკანირება ჩაუტარდა (19/1), რამაც აჩვენა, რომ ტრავმა დიდწილად შეხორცდა და მისი გუნდში დაბრუნების დრო ახლოვდება. მან დაიწყო სირბილი და სავარაუდოდ, ის შემდეგი კვირის განმავლობაში დატვირთვას გააძლიერებს. გამოჯანმრთელების სრულ ვადად ორი კვირა სახელდება. მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან საუბრისას, ფეხბურთელმა დიდი სურვილი გამოთქვა, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და გუნდს დაეხმაროს. ოქრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავს ბევრად უკეთესად გრძნობს“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.