„ანორთოსისმა“ ნინუა წარადგინა - ქეცბაიას გუნდმა სატრანსფერო „ფანჯარა“ დახურა #1TVSPORT
ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მეათე და ზაფხულის ბოლო ტრანსფერი დაადასტურა – თემურ ქეცბაიას გუნდმა გამოაცხადა, რომ სალონიკის პაოკ-იდან ერთწლიანი იჯარით ნიკა ნინუა დაიმატა.
გასულ ზაფხულში პაოკ-მა ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის გამოსყიდვაში „დინამო თბილისს“ 850 ათასი ევრო გადაუხადა.
„ფამაგუსტას „ანორთოსისი“ აცხადებს, რომ სალონიკის პაოკ–თან მოლაპარაკება დასრულებულია ნიკა ნინუას შესახებ და ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დავიმატეთ. მან სათამაშოდ 32-ნომრიანი მაისურა აირჩია. მივესალმებით ფეხბურთელს და ჩვენი გუნდის ფერებში წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.
ნინუა 1999 წელს თბილისში დაიბადა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. 2017 წლიდან მთავარ გუნდში დაწინაურდა და 99 მატჩში 14 გოლი გაიტანა. 2020 წელს სალონიკის პაოკ-ში გადავიდა, რომლის ფორმითაც გასულ სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში და ქვეყნის თასზე 12 მატჩი გამართა და ორი გოლი გაიტანა.